„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს, თუ პოლიტიკოსს აქვს სრული უფლება, იფიქროს, რომ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი.
ხატია დეკანოიძემ უპასუხა შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.
„ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი მოსაზრების გაჟღერების უფლება, მათ შორის პროტესტი, რომელიც შეიძლება, იყოს და სულ მუდამ არის, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატვის ფორმაა. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არ წასულა დღის წესრიგიდან. ნებისმიერ ადამიანს, თუ პოლიტიკოსს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, ამის სრული უფლება აქვს. ოპოზიციიდან ყველა ვთანხმდებით, რომ ხელისუფლების ცვლილება არის აუცილებელი. ჩემი წარმოდგენით, ამას სჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი. პირველი არის ოპოზიციის ძალიან სერიოზული ერთობა. ოპოზიციური ერთობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული გეგმა, როგორ განვითარებას ვხედავთ საქართველოში და როგორი უნდა იყოს ქვეყანა ივანიშვილის შემდგომ, არჩევნების შემდეგ ახალ კოალიციურ ვითარებაში. ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი და იარაღი არის ის, რომ ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს, არსებობს ალტერნატივა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.