აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის არმია მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავს და არა სამოქალაქო პირებს. ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტელერახ India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზანი თავიდანვე ცნობილი იყო. მისი თქმით, დასავლეთი მოსკოვის არგუმენტებს ყურადღებას არ აქცევს და "დადგმების ფაბრიკაციას" ახდენს.
"დონეცკისა და ლუგანსკის თხოვნით სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, რომელიც სრულად შეესაბამება გაეროს წესდების 51-ე მუხლს, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ აღნიშნული ოპერაციის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, რადგან ეს ორი ამ ქვეყნის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პრობლემაა", - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის ცინიკური მტკიცების მიუხედავად, რუსული არმიის მიერ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებში საცხოვრებელი სახლების, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების, თუ საკულტო ნაგებობების განადგურება დოკუმენტურად არის დადასტურებული როგორც უკრაინის ხელისუფლების, ისე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
რუსი ოკუპანტებისგან კიევი ოლქის გათავისუფლების შემდეგ, მხოლოდ ბუჩასა და ირპინში აღმოჩენილია ასეულობით მოკლული, ნაწამები მშვიდობიანი უკრაინელის ცხედარი. ცხედრებს პოულობენ სარდაფებში, ქუჩებში, საერთო სამარხებში, მათ უმეტესობას აღენიშნება წამების კვალი, ბევრი მათგანს ტყვია თავში, მიბჯენით აქვს ნასროლი.