"რუსეთი უკრაინაში რეჟიმის შეცვლას არ აპირებს, უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ იცხოვრონ", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხს India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში რეჟიმის შეცვლას, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინელებმა გადაწყვიტონ, როგორ უნდათ იცხოვრონ. ჩვენ გვინდა, რომ ხალხს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება", - თქვა მან.
აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "ადამიანების დაღუპვა ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს არ შეეძლო იმის მოთმენა, რაც უკრაინაში ხდებოდა".
"მე არ ვამბობ, რომ ამ მსხვერპლთა იგნორირება შეგვიძლია, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად მაშინ, როდესაც რუსებმა გადაწყვიტეს დაეცვათ ეთნიკური რუსები, რომლებიც იყვნენ უკრაინის მოქალაქეები და დისკრიმინაციას განიცდიდნენ.
არავინ ყოფილა წინააღმდეგ, როდესაც რაქა (ქალაქი სირიაში) უბრალოდ მიწასთან გაასწორეს, ქალაქი დაბომბეს, იყო უზარმაზარი ზიანი. იგივე შეიძლება ითქვას ავღანეთსა და ერაყზე.
რა თქმა უნდა, ყოველთვის ტრაგედიაა, როცა ადამიანები იღუპებიან, მაგრამ შეუძლებელია ასეთი სიტუაციის მოთმინება, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ და რომ მათ შეუძლიათ, წაახალისონ კიევის მთავრობის რუსოფობია", - თქვა ლავროვმა.
შეგახსენებთ, სერგეი ლავროვი ასეთივე "წარმატებით" ამტკიცებდა 24 თებერვლამდე, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებდა.