17 აპრილს ძალაში შევიდა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტით გათვალისწინებული დირექტივა, რომლის თანახმადაც ბლოკის წევრი სახელმწიფოების საზღვაო და მდინარის პორტები დაიხურა რუსული გემებისთვის.
დირექტივის ოფიციალურად ამოქმედებამდე, პორტები რუსული გემებისთვის დახურეს იტალიის, ესტონეთის, ბელგიის, რუმინეთისა და ბულგარეთის ხელისუფლებებმა.
ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი შეიცავს წესს, რომლის თანახმადაც საზღვაო და მდინარის პორტებში შესვლა აკრძალულია რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ყველა ხომალდისთვის.
ევროკომისიის მონაცემებით, ამჟამად 2873 სავაჭრო გემი ცურავს რუსეთის დროშის ქვეშ, ყველა მათგანი სანქციების ქვეშ მოექცევა.
ევროკავშირის გადაწყვეტილება ასევე ვრცელდება ყველა გემზე, რომლებმაც რუსული დროშა სხვა ქვეყნის დროშებით 24 თებერვლის შემდეგ შეცვალეს.
გამონაკლისი იქნება დაშვებული იმ გემებისთვის, რომლებსაც სასწრაფო დახმარება დასჭირდებათ ან იძირებიან. ასევე გემებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში საწვავი, პროდუქტები ან მედიკამენტები შეაქვთ. ასეთი გემების დაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად.
ზოგიერთმა სახელმწიფომ დამატებითი აკრძალვები დააწესა. მაგალითისთვის, ესტონეთმა შეზღუდვები გაავრცელა კერძო იახტებსა და სამგზავრო გემებზეც, რომლებიც არ ატარებენ კომერციულ ტვირთებს.
ესტონეთის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები შეეხება 15 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდებს, რომლებიც განკუთვნილია 12 ან მეტი ადამიანისთვის.