რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს ტრადიციული სააღდგომო მიმართვა Urbi et orbi (ქალაქისა და მსოფლიოსადმი) წაუკითხა.
17 აპრილს, სააღდგომო მიმართვაში რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური ყველა ომისა და კონფლიქტის დასრულების მოწოდებით გამოვიდა.
"ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი სისხლი, ძალიან ბევრი ძალადობა", - თქვა პონტიფიკოსმა.
"იესო ქრისტეს მოწაფეების მსგავსად, მისი აღდგომის შემდეგ, ჩვენი გულიც სავსეა შიშით, მაშინ როდესაც ბევრი ჩვენი და და ძმა იძულებულია, დაიმალობს სახლებში და თავი დააღწიოს ბომბებს", - თქვა მან.
უკრაინაში გაჩაღებული ომი მთავარი თემა გახდა ვატიკანში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ცერემონისაა, რომელიც პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველად ჩატარდა მინიმალური შეზღუდვებით.
წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნე იყო შეკრებილი.
"დაე, მშვიდობამ დაისადგუროს ტანჯულ უკრაინაში, რომელიც მძიმე ტკივილს განიცდის იმ სასტიკი და უაზრო ომის ძალადობითა და ნგრევით, რომელშიც ჩაითრიეს. დაე, იმედის ახალმა გარიჟრაჟმა ნათელი მოჰფინოს ტანჯვისა და სიკვდილის ამ საშინელ წყვდიადს", - თქვა რომის პაპმა და სახელმწიფოებს გულმოწყალებისკენ მოუწოდა.
"დაე, არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთეთ, შეწყვიტეთ კუნთების თამაში, ხალხი იტანჯება", - თქვა პაპმა ფრანცისკემ.
"ჩემს გულშია უკრაინელი ხალხი უზარმაზარი მსხვერპლი - მილიონობით ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი, დაყოფილი ოჯახები, ეულად დარჩენილი მოხუცები, დანგრეული ცხოვრება და პირისაგან მიწისა აღგვილი ქალაქები", - განაცხადა პონტიფიკოსმა.
გარდა ამისა, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა გაიხსენა ადამიანთა ტანჯვა მსოფლიოს სხვა კონფლიქტურ რეგიონში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, ლიბანში, სირიაში, იემენში, ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, მიანმარსა და აფრიკის კონტინენტზე.
"მშვიდობა შესაძლებელია, მშვიდობა აუცილებელია, მშვიდობა ყველას მთავარი პასუხისმგებლობაა!", - დასძინა პაპმა.
წინა დღეს, აღდგომის მთელი ღამის განმავლობაში, რომის პაპმა ფრანცისკემ ასევე ილოცა უკრაინაში მშვიდობისთვის. მან უკრაინის დელეგაციას, მათ შორის ტყვეობაში ახლადდახსნილ მელიტოპოლის 33 წლის მერს, ივან ფედოროვს, უკრაინულად მიმართა: "ქრისტე აღდგა!"
შეგახსენებთ, ქრისტიანული ეკლესიების უმეტესობა დღეს, 17 აპრილს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.