ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მალე ეს დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.
„რაც შეეხება რეფორმებს, რეფორმების გატარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობა რეფორმების გატარების პროცესში გამოირჩევა შესაბამისი აქტიურობით. ვთლით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად და ეფექტურად მართავს ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებს. შესაბამისად, ჩვენ ჩატარებული და დაგეგმილი რეფორმების გეგმა გვაძლევს საფუძველს და საშუალებას, რომ მოვამზადოთ აღნიშნული კითხვარი და გადავაგზავნოთ ევროპელ პარტნიორებთან.
რაც შეეხება გასაჯაროებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მიმართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მალე დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.