ეს ომი არ არის, ეს გენოციდია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
მარიუპოლზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არავინ იცის რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი გადარჩა.
"შენობების 95% დანგრეულია! ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც. 500 ათასი მცხოვრები. 500 ათასი ადამიანი! მათგან რამდენია მოკლული - არავინ იცის. არავინ იცის, რამდენი ადამიანი გადარჩა. არავინ იცის.
ორი ჟურნალისტი იყო იქ Associated Press-დან. მე მათ ვესაუბრე, ისინი, ისინი... ეს შოკიც არ არის. ეს სხვა გრძნობაა, სხვა პლანეტიდან. ისინი - პროფესიონალი ჟურნალისტები არიან, მაგრამ მსგავსი არაფერი უნახავთ, მათ არ ესმით, რომ ეს შესაძლებელია.
და არავინ იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა. მომავალში ჩვენ, რა თქმა უნდა გავიგებთ. თქვენ იცით, რომ მათ მიიტანეს გადასატანი კრემატორიუმები. თქვენ იცით, ეს რა არის?
დიახ, ეს ასეა. მათ მიიტანეს ეს კრემატორიუმები. ამას ძალიან ბევრი მოწმე ჰყავს. ისინი უბრალოდ წვავენ ადამიანების ცხედრებს, რათა მინიმალური მტკიცებულებები იყოს. მაგრამ ყველგან ერთნაირია [სიტუაცია], თქვენ ხედავთ - ბუჩაში, ბოროდიანკაში, დმიტროვკაში - ყველაფერს ვერ დამალავენ, ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ მტკიცებულებები იქნება.
იგივე ხდება მარიუპოლშიც, ჩვნ უკვე გამოვიყვანეთ ათობით, ასობით ათასი ადამიანი, მაგრამ გვესმის, რომ მარიუპოლში, შესაძლოა, დაიღუპა ათობით ათასი ადამიანი, იმიტომ რომ მაგალითად, დონეცის ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ მისი აზრით, მისი სტატისტიკით, შესაძლოა, 20 ათასი ადამიანი დაიღუპა მარიუპოლში", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უცნობია იმ მოქალაქეების ბედი, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებისკენ, შემდეგ კი რუსეთის მიმართულებით წაიყვანეს.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საუბარია ათობით ათას ადამიანზე. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის ადამიანები გაქრნენ. ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუცვალეს დოკუმენტები, ზოგიერთს მისცეს რუსული პასპორტები. ისინი მიჰყავთ რუსეთის სიღრმეში, ზოგი ბანაკში ხვდება, ზოგი სხვა ადგილებში.
რა დაემართა ამ ხალხს - არავინ იცის, არავინ. არც წითელმა ჯვარმა, არავინ გვაწვდის ინფორმაციას.
მე მესმის ამ ადამიანების... ტერიტორიები იყო ოკუპირებული და დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ საკვები, წყალი, არაფერი. და მათ უთხრეს: აიღეთ რუსული პასპორტები და თქვენ მიიღებთ საკვებს. მესმის მათი, თუ რატომ გააკეთეს ეს. იქ იყვნენ დედები შვილებთან ერთად. და ეს არაჰუმანურია. და ასეთი მაგალითები ბევრია. და ეს მათ განზრახ გააკეთეს. ეს მათი პოლიტიკაა.
ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ომი არ არის, ეს გენოციდია“, - განაცხადა ზელენსკიმ.