"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის თუ არა გენოციდი უკრაინაში რუსეთის ქმედებები, ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობასაც არ აქვს.
"ჯერჯერობით ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. გახსოვთ თქვენ, დღეს იყო მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში. დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს ჩემი მხრიდან პოლიტიკური შეფასება", - ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გზავნილი გენოციდზე საკმარისი, კობახიძე პასუხობს:
"რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის. ამიტომ, საჭიროა სამართლებრივი შეფასება".
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა, გენოციდი ეწოდებინა უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის."დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან", - თქვა მაკრონმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს გენოციდი უწოდა. "მე ამას გენოციდი ვუწოდე, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინი ცდილობს გაანადგუროს თავად უკრაინელად ყოფნის იდეა", - განაცხადა მან.
რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდი უწოდა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც