"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ყველა გვერდი გვაჩვენებს ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობას და იმას, თუ როგორ გვაშორებს "ქართული ოცნება" ცივილიზებულ სამყაროს.
"თითოეული გვერდი ამ 85-დან გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს ქართული ოცნება ცივილიზებულ სამყაროს, თითოეული გვერდი გვაჩვენებს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში როგორ მცირდება ჩვენი სამშობლოს პერსპექტივა ყოველწამიერად. თითოეული გვერდი ამ 85-დან გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და რომ ქართული ოცნების გზას მივყავართ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე", - ამბობს მელია.
მელიამ აღნიშნა, რომ ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დასკვნაა.
"საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე მძიმე დასკვნაში არაა ნათქვამი და ვერც იქნება ნათქვამი, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა სფერო კოლაფსშია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ყველაფერი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. არაა ნათქვამი და ვერც იქნება, რომ ვერანაირი დასკვნა და ჩვენი პარტნიორების ვერანაირი რჩევა ვერ მოიტანს ქვეყნის გადარჩენის მთავარ წინაპირობას - ქართული ოცნების მართვის სადავეებიდან ჩამოშორებას. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ერთად მისაღები გადაწყვეტილებაა - ვინც ხელისუფლების ერთადერთი წყარო ვართ და ვისი ისტორიული მისიაცაა ამ 85 გვერდში მოყოლილი ჯოჯოხეთიდან ჩვენი ქვეყნის ამოყვანა", - თქვა მელიამ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენმა გუშინ, 12 აპრილს 2021 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.