უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაკავებულია დეპუტატი, პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი ვიქტორ მედვედჩუკი.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაკავებულის ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტოზე მედვედჩუკს აცვია სამხედრო ფორმა და ხელბორკილები ადევს.
"ჩატარდა სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ. ყოჩაღ! დეტალები მალე იქნება. დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი.
2021 წლის მაისში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ მედვედჩუკმა რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ შინაპატიმრობის ადგილი დატოვა და მიიმალა.
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში ყველაზე გავლენიან პრორუს პოლიტიკოსად არის მიჩნეული. მედიაში მას პუტინის "ნათლიას" უწოდებენ.