25 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" „იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოში მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისიტემის (CORS) შექმნა". ღონისძიების ფარგლებში საჯარო რეესტრმა დააჯილდოვა სააგენტოს წარმატებული ავტორიზებული მომხმარებლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ჯაბა ებანოიძე და გიორგი ვაშაძე, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი, სამოქალაქო ავიციის დეპარტამენტის, საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის, არქიტექტურისა და მშენებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, გეოინფორმაციული სისტემების დანერგვის სფეროში სპეციალიზებული საერთაშორისო კომპანია „ლეიკას" სპეციალისტები, დარგის ექსპერტები და საამზომველო კერძო კომპანიების ხელმძღვანელი პირები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაგრძობს თანამედროვე ელექტრონული სისტემების დანერგვას და გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ მიზნით, დაიგეგმა ერთ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს მასშტაბით GPS სადგურების ანუ უწყვეტი, მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისტემის (CORS) დაარსება.
პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, სამოქალაქო მშენებლობის, ტოპოგრაფიული სამუშაოებისა, საკადასტრო გადაღებების და ქვეყნის გეოდეზიური შესაძლებლობების მოდერნიზებისათვის, რაც საერთაშორისო გეოდეზიური სტანდარტების საფუძველს წარმოადგენს.
ჩOღშ-ი უზრუნველყოფს მომხმარებლებს შესაბამისი, უწყვეტი აღრიცხვის სისტემით და შესაძლებელს გახდის მიწის ასაზომი გადაღებების დაჩქარებული მეთოდებითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობით წარმოებას, ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი საამზომვებლო კომპანიების ბიზნესის წარმოების განვითარებას.
მიწაზე ფიქსირებული საკოორდინაციო წერტილების ხშირი ქსელის შექმნით შესაძლებელი გახდება მიწის ნაკვეთის აზომვები მაღალი სიზუსტით; შეიქმნება ქსელური მომსახურება, როგორიცაა რეალურ დროში სანტიმეტრის სიზუსტის მომსახურება, რაც მიწის აზომვებს უფრო ეფექტურს გახდის. ამზომველს არ დასჭირდება მიწაზე ფიქსირებული კოორდინატების ძებნა და შეეძლება გამოიყენოს ნაკლები აღჭურვილობა იმავე სამუშაოს შესასრულებლად; შესაძლებელი გახდება საკადასტრო რეესტრისათვის სასურველი ხარისხის დონის დადგენა, რომელიც დამყარებული იქნება ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მიწის ნაკვეთის მდებარეობა, დანიშნულება და ა.შ. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 35 სადგურის დაარსება.
თავდაპირველად განხორციელდება 12 სადგურის შექმნა, აქედან 6 ა კლასის სადგური - მთელი საქართველოს ერთიან სივრცობრივ ბადეს შექმნის, ხოლო 6 ბ კლასის სადგური სრულად და უფრო მეტი სიზუსტით დაფარავს დედაქალაქის ტერიტორიას. პროექტის შემდგომ ეტაპზე კიდევ 23 ბ კლასის სადგური დამონტაჟდება ქვეყნის ეკონომიკურად აქტიურ ზონებში.
სადგურების შექმნას და მისი ტექნიკით აღჭურვას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული შვეიცარიული კომპანია „ლეიკა", რომელიც მსოფლიო ლიდერია გეოდეზიური აპარატურის სფეროში.
CORS -ის სისტემის დანერგვა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (შიდა) და „მსოფლიო ბანკის(WB) - სოფლის მეურნეობის განვითრების პროექტის" დახმარებით განხორციელდა.