დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, ლონდონში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მკაცრად დაგმო რუსეთის არმიის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვა.
ბორის ჯონსონის თქმით, კრამატორსკის დაბომბვამ, რასაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, აჩვენა თუ სადამდე დაეცა "ოდესღაც პუტინის მიერ ნაქები რუსეთის ამაყი არმია".
"მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმა არის ომის დანაშაული და ისინი არ დარჩები შეუმჩნეველი ან დაუსჯელი", - თქვა ჯონსონმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ომში პუტინი აუცილებლად უნდა დამარცხდეს.
ბორის ჯონსონმა ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი და გერმანია შეუერთდნენ ათობით მოკავშირეს, რათა უკრაინას მიაწოდონ უფრო მეტი თავდაცვითი იარაღი.
"ევროპა, რომელსაც სულ რაღაც ექვსი კვირის წინ ვიცნობდით, აღარ არსებობს. პუტინის უკრაინაში შეჭრა ძირს უთხრის ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების საფუძველს, მაგრამ მისი მიზანი, რომ ჩვენი დაქსაქსვა მოეხერხებინა, აშკარად ჩავარდა. პირიქით, მან მოახერხა ევროპისა და მთელი ტრანსატლანტიკური ალიანსის გაერთიანება უკრაინის მხარდასაჭერად", - თქვა ჯონსონმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას დამატებით, 100 მლნ ფუნტის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის.
დღეს, 8 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სარაკეტო დარტყმის დროს ვაგზალზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე ევაკუაციას ცდილობდნენ. თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღპუა, ათეულობით დაშავდა.
რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს რკინიგზის სადგურის დაბომბვაში.