რუსეთი კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"კიევის რეჟიმი მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალური მსხვერპლის მიღებას ცდილობს. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დონბასში, ბოლო რვა წლის განმავლობაში, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა უკრაინის შეიარაღებული დაჯგუფებისთვის.
სამოქალაო პირების ცივსისხლიანად და ცინიკურად განადგურებით,, კიევი ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს რუსეთის მხარეზე, რათა დისკრედიტაცია მოახდინოს იმ სპეცოპერაციისა, რომელიც დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დასაცავად მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაშაულის მტკიცებულება აშკარაა - სწორედ ისინი არიან შეიარაღებულნი და იყენებენ „ტოჩკა-უ“ რაკეტებს, რომელთა ფრაგმენტები ტრაგედიის ადგილზე აღმოაჩინეს. კიევის რეჟიმის ასეთი არაადამიანური ქმედებები ადასტურებს უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაციის ამოცანების მართებულობას", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 8 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
სარაკეტო დარტყმის დროს ვაგზალზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე ევაკუაციას ცდილობდნენ.
თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 50-მდე გაიზარდა.