დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო დახმარების ახალ პარტიას აგზავნის. მისი საერთო ღირებულება130 მლნ დოლარს შეადგენს.
როგორც Reuters იუწყება, შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნის მეტ Starstreak-ის საზენიტო რაკეტებს, რომლის სიჩქარეც სამჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს, 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და მაღალი სიზუსტის საბრძოლო იარაღს", - განაცხადა ჯონსონმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამხედრო დახმარების ახალ პარტიაში შედის ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და ღამის ხილვადობის მოწყობილობები. ეს იქნება დამატებითი დახმარება 200 ათასი ერთეული არალეტალური აღჭურვილობისა, რომელიც ქვეყანამ უკრაინას უკვე გაუგზავნა.
ჯონსონი ასევე გამოეხმაურა დღეს, კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე რუსეთის ავიაიერიშს და განაცხადა, რომ მომხდარი კიდვ ერთხელ ადასტურებს, თუ სადამდე დაეცა "პუტინის ქებული არმია" და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დამნაშავეები სასტიკად დაისჯებიან.