შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა ლენდ-ლიზის ამოქმედების კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, უკრაინას უფრო ეფექტური სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთის შეჭრის ფონზე. იუწყება გამოცემა Politico.
გამოცემის ცნობით, ლენდ-ლიზის აქტი სენატორებმა ერთხმად, 6 აპრილის საღამოს მიიღეს.
Politico-ს თანახმად, ვაშინგტონი "მიმართავს უჩვეულო ტაქტიკას, რომელიც ბოლოს გამოიყენეს მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური კონფლიქტის (II მსოფლიო ომის) დროს" და ეს არის "კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის შეჭრას საერთაშორისო წესრიგისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევენ."
6 აპრილის საღამოს, თავის მოკლე გამოსვლაში, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ბუჩას ხოცვა-ჟლეტას "ნამდვილი ბოროტება" უწოდა და მომხდარში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დაადანაშაულა.
"როდესაც უმიზნოდ კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს მათი რელიგიის, რასის ან ეროვნების გამო, ეს არის გენოციდი და ამაში დამნაშავეა ბატონი პუტინი“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, 2022 წლის ლენდ-ლიზის აქტი, სავარაუდოდ, დააჩქარებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო პროდუქტებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი მასალების უკრაინისთვის მიწოდებას და მინიმუმამდე დაიყვანს ბიუროკრატიულ პროცედურებს.
ლენდ-ლიზის პროგრამა, რომელიც პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან მან საშუალება მისცა ამერიკას, მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა სამხედრო დახმარება ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
ახლა უკვე ლენდ-ლიზის აქტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს. კენჭისყრა ხუთშაბათს დილით არის დაგეგმილი.