შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულთკვისტი საქართველოს სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში პიტერ ჰულთკვისტი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და პიტერ ჰულთკვისტმა უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონული ვითარება, შავი ზღვის მომავალი და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჰულთკვისტმა და ღარიბაშვილმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
"შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ 2022 წელს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას. ასევე, განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური განაცხადი.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს შვედეთის სამეფოს მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესისა და ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერას. პეტერ ჰულთქვისტმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა შვედეთის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კი შვედ კოლეგას საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო.
"შეხვედრაზე მინისტრებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიას, რაც მხარეების განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით შვედეთის მხარდაჭერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პეტერ ჰულთქვისტს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის მხარდაჭერისთვისა და სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების აუცილებლობას", - ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.