"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რადგან ნატო-ზე უარისა და ნეიტრალური სტატუსის ინიციატორი რუსეთთან მოლაპარაკებებში სწორედ კიევი იყო და არა რუსეთი.
ირაკლი კობახიძემ ჟურნსლისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ იგივე შეთავაზებას წამოაყენებს რუსეთი საქართველოს მისამართითაც, ასეთ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, უნდა გადაუხვიოს ქვეყანამ დასავლურ კურსს?", უპასუხა, რომ საქართველო დღეს ამ მდგომარეობაში არ არის და ამაზე მსჯელობა რელევანტური არ იქნება.
"სამწუხაროდ, ეს არ იყო რუსეთის სასტარტო შეთავაზება, ანუ, ეს იყო უკრაინის სასტარტო შეთავაზება. ნატო-ზე უარი იყო უკრაინის სასტარტო შეთავაზება, რაც არის განსაკუთრებით სამწუხარო, რადგან ეს კიდევ უფრო ამძიმებს იმ სურათს, რომელიც არის სინამდვილეში შექმნილი. ანუ, უკრაინამ შესთავაზა სასტარტო პირობები მოლაპარაკებისთვის რუსეთის ფედერაციას და დღემდე, რუსეთისგან არ მიუღია პასუხი. ამ შემთხვევაში უკრაინა იყო ნატო-ზე უარის და ნეიტრალური სტატუსის ინიციატორი. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, შესაბამისად, ჩვენთვის საერთოდ არ არის რელევანტური ამ თემაზე მსჯელობა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არც მომავალში გახდება ეს საკითხი რელევანტური. ჩვენ გვაქვს მკაფიო ორიენტირები ჩვენს პოლიტიკაში და ჩვენ გვაქვს მკაფიო ამოცანა. პირველი რიგის, უშუალო ამოცანა არის, რომ ქვეყანას თავიდან ავარიდოთ ომი და მაქსიმალურად ავარიდოთ ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა არის ჩავარდნილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.