დღეს საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს აღნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
„ყველა ადამიანი იბადება უნიკალური ნიჭით, რომელიც თითოეული ჩვენგანის პატივისცემას იმსახურებს. ხელისუფლების, კერძო სექტორის, მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ნიჭისა და პოტენციალის რეალიზებას, უზრუნველვყოთ მათი აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარებასა თუ საკუთარი მომავლის დაგეგმვაში, ვიზრუნოთ მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმებისა და სხვა უფლებების ყოველმხრივ დაცვაზე.
პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას ვპირდები აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს. ყველაფერს გავაკეთებთ თითოეულისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად,”- ნათქვამია განცხადებაში.