არ დავიღლები იმის ჩამოთვლით, რაც საქართველომ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
ზალკალიანის თქმით, უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მართლაც უპრეცენდენტოა.
"არ მინდა დაზიანდეს ჩვენი ურთიერთობა უკრაინასთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს. ჩვენი ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, მართლაც უპრეცენდენტოა. კიდევ ერთხელ, არ დავიღლები იმის ჩამოთვლით, რაც გააკეთა საქართველომ და ბევრმა ქვეყანამ იმდენი ვერ გააკეთა, რაც საქართველომ გააკეთა უკრაინის პოლიტიკური, ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური მხარდაჭერის კუთხით. იგივე ის გაეროს რეზოლუციები, რომლის თანასპონსორებიც ჩვენ ვიყავით, იგივე ინიცირება სისხლის სამართლის სასამართლოში ომის დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით, იგივე მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება ეუთოს ფარგლებში, იგივე სანქციებთან შეერთება ლუგანსკის და დონეცკის სანქციებთან მიმართებაში, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იქნა შემოღებული. ასევე ევროსაბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებაზე მხარდაჭერა", - თქვა მან.
როგორც ზალკალიანი ამბობს, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც რუსული აგრესიის პირობებში ცხოვრობს, ბევრ სხვა ქვეყანაზე მეტად უჭერს მხარს უკრაინას.
"უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯებია ქვეყნისთვის, რომელიც, სხვა, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით, უნიკალურ, განსხვავებულ სიტუაციაშია. ჩვენ არც უსაფრთხოების რაიმე გარანტიები გვაქვს და არც ნატოს მე-5 მუხლი გვიცავს. პირიქით, ვართ მყისიერი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ - სულ რამდენიმე კილომეტრში განლაგებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან გაბედული ნაბიჯები გადავდგით უკრაინის მხარდასაჭერად", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.