უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მიესალმება თურქეთის ინიციატივას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის თურქეთში გამართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კულებამ ვარშავაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
"ჩვენ მადლიერნი ვართ თურქეთის პრეზიდენტის მისი ძალისხმევისთვის. შემიძლია ღიად განვაცხადო, რომ სწორედ მისი დამსახურების წყალობით, იმით, რომ მან პირადად დაუთმო დრო უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების საკითხს, შესაძლებელი გახდა ეს მოლაპარაკებები ბელარუსიდან თურქეშთი გადატანილიყო. ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი გადაწყვეტილებაა. ასევე შექმნა სწორი ატმოსფერო მოლაპარაკებებზე, როდესაც მან მოლაპარაკების დაწყებამდე მონაწილეებს სიტყვით მიმართა", - განაცხადა კულებამ.
"თურქეთის დიპლომატიის ამ წარმატების გათვალისწინებით, ცხადია, თუ ის შეძლებს თურქეთში პრეზიდენტების ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზებას, ჩვენ ამ ინციატივას მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა კულებამ.
პირველ აპრილს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას თურქეთში, რათა გაიმართოს მოლაპარაკება ომის დასრულებაზე და ბოლო მოეღოს სისხლისღვრას.