საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმიანება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე "რეფერენდუმის" ჩატარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
ზალკალიანის თქმით, არის გარკვეული მცდელობები, რომ 2008 წლის მსგავსად, "საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში", რასაც "საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.
დავით ზალკალიანმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არ გამოიყენებს".
"მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები, რომელიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს განმეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, იმ რაც გამოაცხადა ჩვემა ხელისუფლებამ, პოლიტიკის რომელიც მიმართულია დეოკუპაციისკენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულებისკენ, ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ ,რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს", - განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკალიანის თქმით, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა.
"რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციას აქვს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარეობს ოკუპაცია, შესაბამისად ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდანდან ეთნიკური წმენდის შედეგად და მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება, - თქვა მან.