გათავისუფლებულ ირპინში ბევრი ნაღმია, დანაღმული ცხედარებიც, რის გამოც ქალაქში დაბრუნება სახიფათოა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"ძალიან ბევრი ნაღმია, ცხედრებიც კი დანაღმულია, ამიტომ მოქალაქეებს მოვუწოდებთ ჯერ არ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, მოგვიანებით გამოცხადდება, როდის იქნება შესაძლებელი ქალაქში დაბრუნება", - აღნიშნა დენისენკომ.
დენისენკოს თქმით, ირპინში კიდევ ბევრი ადამიანია დარჩენილი, რომლებმაც ქალაქი არ დატოვეს, პოლიცია მათ სარდაფებში ეძებს და ცდილობს უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანოს.
შეგახსნებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ირპინი ოკუპანტებისგან 28 მარტს გაათავისუფლეს.
ქალაქის მერის ალექსანდრ მარკუშინის თქმით, ნახევარი ქალაქი დანგრეულია. რუსი ოკუპანტები ირპინს "გრადის" ტიპის სისტემებით ჯერ კიდევ ბომბავენ.
ფოტოზე: დაბომბილი ირპინი/Sky