ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, კანონპროექტი “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული.
„ეს არის უზნეო კანონპროექტი, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია პოლიტიკური სიმპათიებით. არაერთხელ იქნა აქ ნახსენები სიტყვა „საკრალური“. რატომ 2004 და არა 2005? ანუ, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტისთვის დამახასიათებელი დანაშაული 2004 წლამდე თურმე უნდა იყოს ნაპატიები და 2005 წელს რომ ვიღაცამ რაღაც მოიპარა, ის რატომ არა? იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონს შეიძლება, ვუწოდოთ სახელი „ვარდების რევოლუციამდე ჩადენილი დანაშაულებების პატიების აქტი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო. ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება.
პირველი უკავშირდება კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას და მეორე ეხება დიფერენცირებული მიდგომას - ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მქონე პირთათვის შედარებით მცირე შეღავათის გავრცელებას და შედარებით მეტი შეღავათის გავრცელებას იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა გათვალისწინებული. ასევე, დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი.