საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით, ერთი წინააღმდეგი მიიღო.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის კომიტეტში მეორე მოსმენის განხილვის შედეგად მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის ძირითად არსზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება.
„პირველი უკავშირდება კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას, შესაბამისად, ამ კუთხით გვაქვს ოდნავ ახლებური მიდგომა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც მოუწია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასჯელის მოხდა და ერთთვიანი პერიოდია აღებული ასეთ პირობებში, ყველა მათგანზე იქნება გავრცელებული ამნისტია, გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელიც საქართველოს კონვენციურ მოვალეობას უკავშირდება, კერძოდ, წამების დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებზე ამნისტიის გაუვრცელებლობას.
მეორე საკითხი, რაც აღნიშვნას იმსახურებს, არის ის, რომ შემოვიტანეთ დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც შემოთავაზებული იყო, მათ შორის, ალტერნატიული კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მქონე პირთათვის შედარებით მცირე შეღავათის გავრცელებას და შედარებით მეტი შეღავათის გავრცელებას იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა გათვალისწინებული. ასევე დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, საკითხების მეორე ბლოკი უკავშირდება 2004 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს: „გაფართოვდა წრე იმ დანაშაულებისა, რომლისთვისაც არ იქნება გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად, ქმედებები არ დაექვემდებარება ამნისტირებას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მომხსენებელმა კანონპროექტის მუხლობრივად განხილვისას, კოლეგებს საკომიტეტო განხილვის შემდეგ შეტანილი ცვლილებები გააცნო. მისივე თქმით, დამატებითი კონსულტაციების შედეგად მცირედით მოხდა იმ ვადების გაზრდა, რომლებიც შეღავათის სახით იქნება გათვალისწინებული.