ქართული მხარის მტკიცებით, "იმ დაკარგულების ასავალ-დავალი, რომელთა გადაცემის სანაცვლოდაც აპირებს ოსური მხარე ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლებას, თბილისისთვის უცნობია".
"ის ადგილები, საიდანაც დაკარგულები გაქრნენ, ვის დაკავებასაც ოსური მხარე გვაბრალებს, მათი გაუჩინარების დროს უკვე რუსული ძალების მიერ იყო ოკუპირებული. ისინი ჩვენთან არ არიან - ამიტომ, მოთხოვნა იმისა, რომ ეს "ტყვეები" უნდა გადავცეთ, უფრო ახირებას ჰგავს", - განუცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი განმატებით, ერთადერთი რაც შეუძლია ქართულ მხარეს დაკარგულ ოსებთან დაკავშირებით გააკეთოს ისაა, რომ მარიონეტულ ხელისუფლებას მათ მოძებნაში დაეხმაროს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ტირძნისიდან 4 ნოემბერს გატაცებული მოზარდები სეპარატისტთა ტყვებაში რჩებიან. მათ მარიონეტულმა რეჟიმმა გუშინ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
იაკობაშვილის შეფასებით, ქართველი ბავშვების დაკავება უკანონოდ მოხდა და მათი უპირობო გათავისუფლება უნდა მოხდეს.
"ბავშვების გასათავისუფლებად ქართული მხარე არანაირ ვაჭრობას არ აპირებს. ისინი უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ", - დასძენს სახელმწიფო მინისტრი.