მთავრობის წარდგინების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 5 ელჩი არ დანიშნა და ერთის გათავისუფლებაზე უარი თქვა, ეს ოფიციალური დოკუმენტებით არის დადასტურებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კინკლაობის მცდელობაში პრეზიდენტის შეყვანას არავინ აპირებს, მთავრობა მხოლოდ ფაქტებით საუბრობს.
"გასული წლის ივნის-ივლისში პრეზიდენტს მთავრობისგან გაეგზავნა სამი წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. გასულია თითქმის ერთი წელი და შესაბამისად, პრეზიდენტმა მათ დანიშვნაზე უარი განაცხადა. ეს რაც შეეხება შარშანდელ სამ წარდგინებას, შესაბამისად, ამ ნაწილში უკვე გვაქვს არასწორი ინფორმაცია, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ, მთავრობამ გააგზავნა წარდგინება 2 ელჩის დანიშვნისა და ერთი ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში არა თუ უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტმა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს მას ნათქვამი. ეს ყველაფერი დოკუმენტურადაა დადასტურებული, არის ოფიციალური მიმოწერა, რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გაუგებარია. ერთი, რაც ჩანს, აშკარაა, რომ პრეზიდენტმა უკან დაიხია, ის ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა-გათვისუფლება არ არის რეალურად პრაქტიკული თვალსაზრისით მისი კომპეტენცია და ამიტომ უწევს არასწორი ინფორმაციის გავრცელება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ელჩობის ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას, არ ასახავს რეალობას.
მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მათი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით მისთვის მთავრობის მიერ წარდგენილი 12-ვე კანდიდატურა დაამტკიცა.