022 წლის 30 მარტს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ვიცე-პრემიერის,საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთოს თავმჯდომარის რანგში საქართველოში ვიზიტისთვის, რაც რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეუთოს ფარგლებში არსებულ კონფლიქტებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ხაზი გაესვა ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფასა და შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ამ კუთხით, ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაუბრკოლებელი შესვლის აუცილებლობას.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ამ ფონზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობა. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. “საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რითაც უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგსა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან,აღინიშნა საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით გაწეული ძალისხმევა, მათ შორის, ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გამოხატულ მხარდაჭერას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უპირობო შესრულების აუცილებლობას. ასევე, აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების (IPRM) შეუფერხებელი მუშაობის მნიშვნელობა.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული თანამშრომლობის ყველა აქტუალური მიმართულება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე, აღინიშნა პოლონეთის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განაცხადზე.
ასევე აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა.