საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან არარატ მირზოიანთან, რომელიც თბილისს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. მინისტრებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე რეგიონში შექმნილი ვითარება.
მათ დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის კონტაქტების დინამიკა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. ამ მხრივ მინისტრები მიესალმნენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კომისიების გამართვის რეგულარულ ხასიათს. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას.
დავით ზალკალიანმა სომეხ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე.
გარდა ამისა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ წელს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება და ხაზი გაუსვეს ამ თარიღის მნიშვნელობას.