26 მარტს, თვითგამოცხადებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილება არაღიარებული რესპუბლიკის მეთაურმა არაიკ ჰარუთინიანმა მიიღო.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები მთიან ყარაბაღში "რუსი მშვიდობისმყოფელების" ზონაში შევიდნენ, რაც უწყების თქმით, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევაა.
უწყება იტყობინება, რომ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატი "ბაირაქტარით" ოთხი დარტყმა განახორციელა დასახლებულ პუნქტ ფურუხის მახლობლად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი "მშვიდობისმყოფელები" სიტუაციის დეესკალაციისთვის შესაბამის ზომებს იღებენ და აზერბაიჯანს სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში რუსეთის ინფორმაციას უარყოფენ და მოსკოვში გაკეთებულ განცხადებას "ცალმხრივს" უწოდებენ, რომელიც "რეალობას არ ასახავს".
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, ბაქო სრულად ასრულებს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს.
ბაქო იტყობინება, რომ 26 მარტს, დილით სომხეთის სამხედროები შეეცადნენ დივერსია განეხორციელებინათ აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ.