იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდას განცხადებით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა "უფრო და უფრო რეალური ხდება". ამის შესახებ კიშიდამ აშშ-ის ელჩ რამ ემანუელთან ერთად ჰიროშიმაში ვიზიტის დროს განაცხადა.
კიშიდა ამერიკის ელჩთან ერთად ჰიროსიმაში მშვიდობის მემორიალსა და მუზეუმს ეწვია.
იაპონია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ბირთვული იარაღს გამოყენებით დაესხნენ თავს. ის რეგულარულად გამოდის ბირთვული იარაღის წინააღმდეგ.
"მაშინ როდესაც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა უფრო და უფრო რეალური ხდება, ღრმად მწამს, რომ ელჩი ემანუელის ვიზიტი ჰიროსიმაში და მისი გამოცდილება ბირთვული რეალობის შესახებ, ძლიერი გზავნილი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის", - განაცხადა კიშიდამ.
ისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მოწმობს იმას, რომ უნდა შეიქმნას სამყარო ბირთვული იარაღის გარეშე.
აგრესორი რუსეთის მესვეურები ბოლო დღეებია აქტიურად ალაპარაკდნენ ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების შესაძლებლობებზე.
26 მარტს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ბირთვული იარაღი, შესაძლოა, ოთხ შემთხვევაში გამოიყენოს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას "ეგზისტენციალური საფრთხე" შეექმნა.