შვეიცარიაში რუსეთის მოქალაქეების გაყინული აქტივების მოცულობამ 5.75 მლრდ შვეიცარიულ ფრანკს (6.2 მლრდ დოლარს) მიაღწია და ეს რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
SwissInfo-ს ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები 24 მარტს ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (Seco) გამოაქვეყნა.
აქტივები მოიცავს ფულად აქტივებსა და საკურორტო რეგიონებში უძრავი ქონების ღირებულებას. კონკრეტული ოლიგარქების ვინაობა არ სახელდება.
Seco-ში ამბობენ, რომ აღნიშნული აქტივები გაყინულია და არა ჩამორთმეული, რადგან ამ საკუთრების გასხვისების იურიდიული საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, არ შეიძლება თანხისა და ქონების სხვა პირისთვის გადაცემა ან გაყიდვა.
Seco დაკავებულია შვეიცარიის რეესტრში სანქცირებული რუსების საკუთრების მოძიებით.
შვეიცარიის ბანკირების ასოციაციის შეფასებით, რუსული აქტივების საერთო მოცულობა ქვეყნის ტერიტორიაზე, შესაძლოა, 200 მლრდ ფრანკს აღწევდეს.
თავდაპირველად, შვეიცარია რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების აქტივების გაყინვაზე უარს აცხადებდა და ამბობდა, რომ ამით მისი ნეიტრალიტეტი დაირღვეოდა. მაგრამ პარტნიორებისა და ქვეყნის შიგნით სანქციების მომხრეთა ზეწოლის შედეგად მთავრობამ აზრი შეიცვალა.
ამ დროისათვის შვეიცარიამ სანქციების 874 ფიზიკური პირისა და 62 იურიდიული პირის მიმართ გამოიყენა.