გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთი თვის განმავლობაში მეორედ დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო რეზოლუციას.
ახალ რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაუჭირა. 38 ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა თავი შეიკავა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს კრემლის ტრადიციულმა მოკავშირეებმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ერითრეამ.
ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში გაეროს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ამბობს, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც "საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს".
ამ რეზოლუციის პროექტი წარადგინეს უკრაინამ და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 მარტს მიიღო პირველი რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. რეზოლუაციას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა.
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისგან განსხვავებით, არ არის სავალდებულო, მაგრამ მათ აქვთ გარკვეული მორალური და პოლიტიკური მნიშვნელობა - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ მხარს უჭერს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა.
უშიშროების საბჭოში რუსეთს, როგორც მის მუდმივ წევრს, აქვს ვეტოს უფლება და ყოველთვის ბლოკავს მისი ქმედებების დამგმობ რეზოლუციებს.