ბელარუსმა 12 უკრაინელი დიპლომატი გააძევა და ბრესტში უკრაინის საკონსულო დახურა. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანატოლი გლაზმა განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია Zerkalo.io-ზე დაყრდნობით.
ბელარუსი ამის მიზეზად ასახელებს ბოლო წლებში უკრაინის მხრიდან თითქოს ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევას, ამ მიზნით მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებული ინციდენტის გამოყენებას და ბელარუსის დიპლომატების მიმართ უხეშ მოპყრობას იმ დროს, როდესაც ისინი უკრაინას მოლდოვის გავლით ტოვებდნენ.
"აქედან გამომდინარე, ბელარუსმა თავის ტერიტორიაზე უკრაინელი დიპლომატების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნაბიჯი მიმართულია უკრაინის წარმომადგენლობის ზოგიერთი თანამშრომლის არადიპლომატიური საქმიანობის შეწყვეტისკენ, მათ ქვეყანა 72 საათში უნდა დატოვონ", - განაცხადა გლაზმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინსკს სათანადო პასუხი გაეცემა.
შეგახსენებთ, 19 მარტს ბელარუსმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს. ბელარუსის ელჩმა იგორ სოკოლმა განაცხადა, რომ დიპლომატებს უკრაინაში "მუშაობის გაუსაძლისი პირობები" ჰქონდათ.
დასავლეთი შიშობს, რომ ბელარუსი შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს და ამ მიზნით ამზადებს გარემოებებს უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.