ნეიტრალიტეტზე საუბარი არის ფაქტობრივად თავდასხმა სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
„ძალიან საგანგაშოა, რომ ნეიტრალიტეტის თემა წამოიწია და ამ საკითხს განსაკუთრებით აქტიურად ლობირებენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსპერტები, ასევე ის მედიასაშუალებები და პოლიტიკური ძალები, რომელთაც „ქართული ოცნება“ ხელს პირდაპირ უწყობს ქვეყანაში ფუნქციონირებისთვის. ასეთია „ალტ-ინფო“. უნდა გვესმოდეს, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი არის ფაქტობრივად თავდასხმა სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე. რუსეთმა ძალიან კარგად იცოდა, რომ უკრაინასა და საქართველოს უახლოეს მომავალში ნატო-ში არ მიიღებენ, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება გადაწყვიტა, რადგან რუსეთისთვის საბოლოო მიზანს ჩვენი სახელმწიფოების გაუქმება წარმოადგენს. რუსეთს ნეიტრალიტეტზე საუბარი ამ ამოცანის შესრულებას მხოლოდ გაუმარტივებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.