"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი წარმომადგენელი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებისათვის სამზადისი დაიწყო.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოზარ სუბარმა განაცხადა, ხელისუფლებამ გაყალბების ახალი სქემა შეიმუშავა და ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორების საშუალებით სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს დედაქალაქში არეგისტრირებენ.
სუბარის განცხადებით, ამ გზით ხელისუფლება ცდილობს, თბილისის თითოეულ საარჩევნო უბანზე დაახლოებით 70-დან 100-მდე ადამიანის დარეგისტრირებას, რომლებიც ხმას ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ მისცემენ.
"ხელისუფლება უკვე შეუდგა ინოვაციური სქემების შემუშავებას მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მიზნით. ამჯერად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ხელისუფელება გეგმავს თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნების გაყალბებას შემდეგი გზით. რაიონებში მოქმედ ნაციონალური მოძრაობის ხელფასიან კოორდინატორებს ევალებათ შეარჩიონ და თბილისის კოორდინატორების მეშვეობით დედაქალაქში დაარეგისტრირონ სხვადასხვა რაიონებში მცხოვრები მოქალაქეები. გათვლა ისეთია, რომ ამ გზით თბილისის თითოეულ საარჩევნო უბანზე დაახლოებით 70-დან 100-მდე ადამიანის დარეგისტრირება უნდა მოხდეს, რომლებიც ხმას მისცემენ ნაციონალური მოძრაობის და მისი კანდიდატის სასარგებლოდ. თუ გავითვალისწინებთ რომ თბილისში 750-მდე საარჩევნო უბანია ეს ნიშნავს დაახლოებით 75 ათას დამატებით არათბილისელ ამომრცეველს, რომლებიც თბილისის მერის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ხელისუფლება კარგად ხედავს რომ ყველაზე მეტი პრობლემა მას დედაქლაქში შეექმნება და ამ სქემის შემუშავება სწორედ ამით არის განპირობებული", _ აცხადებს სოზარ სუბარი.
მისივე თქმით, სახელისუფლებო პარტია ამ მეთოდებით ცდილობს გარანტირებულად მოაპოვებინოს გიგი უგულავას ის 30 პროცენტი, რომელიც მნიშვნელოვანი და პრინციპული აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობისთვის საარცევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში.
სოზარ სუბარის განცხადებით "ალიანსი საქართველოსთვის" დააწესებს კონტროლს დედაქალაქში მოქალაქეთა დარეგისტრირების რაოდენობრივ მაჩვენებლებზე და მისი მკვეთრი ზრდის შემთხვევაში სადამკვირვებლო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე დასვამს საკითხს ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობის შესახებ.
"სახელისუფლებო პარტია ამ და კიდევ სხვა მეთოდებით ცდილობს მოუგვაროს გიგი უგულავას ის 30 პროცენტი, რომელიც ასე მნიშვნელოვანი და პრინციპული აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობისტვის საარცევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ დავიწყებთ კონტროლს დედაქალაქში მოქალაქეთა დარეგისტრირების რაოდენობრივ მაჩვენებლებზე და მისი მკვეთრი ზრდის შემთხვევაში სადამკვირვებლო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე დავსვამთ საკითხს ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობის შესახებ. ვაფრთხილებთ იმ მოქალაქეებსაც რომლებიც ჩაერთვებიან ამ სქემაში, რომ მათ მომავალში შესაძლოა შეექმნათ გარკვეული პრობლემები და მოეთხოვებათ პასუხი მსგავს გარიგებებში მონაწილეობისათვის", _ აცხადებს სოზარ სუბარი.