ხელისუფლების შეცვლის არანაირი წინაპირობა არ არის, ეს ის სურვილებია, რასაც ვხედავთ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული სურვილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, არჩევნები არის 2024 წელს, მოემზადონ 2024 წლისთვის, მანამდე, ეს ყველაფერი მხოლოდ არეულობის მოსაწყობად არის გამიზნული.
„ ენმ-ს ლიდერები, მათ შორის, საერთაშორისო მედიებში ჩართვისას, ვნახეთ, როგორ აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება. არჩევნები არის 2024 წელს, მოემზადონ 2024 წლისთვის, მანამდე, ეს ყველაფერი მხოლოდ არეულობის მოსაწყობად არის გამიზნული. ჩაკეტილი წრეა, სადაც, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩაკეტილი, თავისი თავი, თავისი მომხრეები ჩაკეტილი ჰყავს ამ წრეში, საიდანაც ვერ გამოდიან. არ აღიარებენ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, მათ საქართველოს მოსახლეობამ მიანიჭათ ოპოზიციის როლი და ამ ოპოზიციის როლიდან უნდა შეეცადონ, იყვნენ ხელისუფლების ნაწილი და არა პირიქით, უარყონ ეს როლი და აბსოლუტური ძალაუფლებისთვის ისწრაფვოდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ : ამ ხელისუფლებას ამ ფორმით დარჩა მაქსიმუმ თვე-ნახევარი. „ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე“.