კრემლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"არა. ფაქტია, რომ ოპერაციის ნებისმიერ შეწყვეტას ნაციონალისტური ქვედანაყოფები იყენებენ გადაჯგუფებისთვის, რათა განაგრძონ თავდასხმები რუს სამხედროებზე", - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის მტკიცებით, "უკრაინულმა მხარემ არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი", რაც "ართულებს პროცესს".
კრემლის რუპორი განაგრძობს მტკიცებას, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ.
"საერთაშორისო თანამეგობრობამ ზეწოლა უნდა მოახდინოს კიევზე, რათა აიძულონ ნაციონალისტები, გაათავისუფლონ მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეები", - დასძინა პესკოვმა.
ამავდროულად, პესკომა "აბსოლუტური სიცრუე" უწოდა ბრალდებებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ალყაში მოქცეული უკრაინული ქალაქებიდან მშვიდობიან მოქალაქეებს ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ.
რუსულ-უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებებზე საუბრისას პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის საკმარისი პროგრესი, რათა პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტს ზელენსკის შეხვედრის საკითხი გადაწყდეს.