20 მარტს, რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე მრევლისადმი მიმართვისას, კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში გაჩაღებული ომი.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა უკრაინაში ომს "გაუმართლებელი და უაზრო ხოცვა-ჟლეტა" უწოდა.
"ძალადობრივი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სამწუხაროდ არ ნელდება. ეს არის უაზრო ხოცვა-ჟლეტა, სადაც ყოველდღიურად მეორდება სისასტიკე. საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა მონაწილეს ვევედრები, რეალური ძალისხმევა გამოიჩინონ ამ საშინელი ომის დასასრულებლად“, - განაცხადა პაპმა.
"ამ კვირაში რაკეტების და ჭურვების ქვეშ აღმოჩნდა მშვიდობიანი მოსახლეობა, მოხუცები, ბავშვები, ორსული დედები", - თქვა პაპმა და დასძინა, რომ რომში უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულები მოინახულა. "ერთ მათგანს ხელი არ აქვს, მეორე თავშია დაჭრილი, ისინი ხომ უდანაშაულო ბავშვები არიან".
რომის პაპმა მრევლს ომგამოვლილი ადამიანების თანაგრძნობისკენ მოუწოდა.
"მოდით, ახლოს ვიყოთ ამ ნატანჯ ხალხთან, მივიღოთ ისინი სიყვარულით, კონკრეტული ვალდებულებითა და ლოცვით და გთხოვთ, ნუ მიეჩვევით ომსა და ძალადობას", - დასძინა მან.