ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთთან არაფორმალურ დიალოგში უკვე რამდენჯერმე გასცა რეკომენდაცია უკრაინისთვის С-400 სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ. იუწყება სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.
Reuters-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის დადებითი გადაწყვეტილების შანსები დაბალია, თუმცა აშშ აგრძელებს დიალოგს ამ მიმართულებით.
როგორც იუწყებიან, შესაბამისი წინადადებით ვაშინგტონმა ანკარას ჯერ კიდევ თებერვალში მიმართა. С-400 სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გადაცემა იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის თურქეთში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც 4-5 მარტს გაიმართა.
Reuters წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების მიზნით, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს მოკავშირეებთან, რომლებიც შეიარაღებაში ფლობენ რუსული წარმოების С-300-ისა და С-400-ის სისტემებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთმა წინასწარი თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის С-300-ის მიწოდებაზე იმ შემთხვევაში, თუ სანაცვლოდ ამერიკული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა "პატრიოტს" მიიღებს.
თავის მხრივ, რუსეთი იმუქრება, რომ არ დაუშვებს უკრაინისთვის დასავლეთის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.
თურქეთის ხელისუფლებას არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ს წინადადებებზე С -400 სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით, რაც ნატოს ორ მოკავშირეს შორის დიდი ხნის დავის საგანი იყო.
რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო სისტემების С-400-ების საკითხი წარსულში ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა. შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა თურქეთის მიერ რუსეთისგან რუსული წარმოების სისტემების შეძენას.
ვაშინგტონი თვლიდა, რომ რუსული შეიარაღება საფრთხეს უქმნის ნატოს თავდაცვის მთლიანობას. ამის გამო, ჯერ კიდევ 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა თურქეთის სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს რუსული С-400-ების შესყიდვისთვის სანქციები დაუწესა და ანკარა ამორიცხა ამერიკული F-35-ების პროგრამიდან.
С-400 შორის მანძილის უახლესი საზენიტო-სარაკეტო სისტემაა. ის განკუთვნილია ავიაციის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად.
მისი მოქმედების რადიუსი 400 კმ-ს აღწევს, მას სამიზნის განადგურება 30 კმ-ს სიმაღლეზე შეუძლია.