19 მარტს, აშხაბადში თურქმენეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართა. იტყობინება თურქმენეთის სახელმწიფო სააგენტო.
თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და ახლა უკვე ყოფილი სახელმწიფოს მეთაურის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟმა 12 მარტს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 72,97% მოიპოვა.
ცესკოს 14 მარტის დადგენილებით, სერდარ ბერდიმუჰამედოვი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა.
გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, 11 თებერვალს თქვა, რომ ქვეყნის მართვის სადავეების ახალგაზრდა ლიდერისთვის დათმობას გეგმავს.
ამავდროულად, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარის პოსტი.
არჩევნების დროს სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე არჩევის შემთხვევაში ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს.
თურქმენეთის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა.
დამოუკიდებლობის წლებში თურქმენეთში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
თურქმენეთის პრეზიდენტად სერდარ ბერდიმუჰამედოვის არჩევამ ცენტრალურ აზიაში მამიდან შვილზე ძალაუფლების გადაცემის პრეცედენტი შექმნა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს შეიძლება გახდეს საშიში მაგალითი რეგიონის ქვეყნებისთვის.