საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში გამოთქვა "უკიდურესი შეშფოთება" მარიუპოლში შექმნილი ვითარების გამო. იუწყება ელისეის სასახლე.
მაკრონმა პუტინს მოუწოდა, მოხსნას მარიუპოლის ალყა და უზრუნველყოს ქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა.
"პრეზიდენტმა მოითხოვა კონკრეტული და შემოწმებადი ზომები მარიუპოლის ალყის მოხსნის, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის გახსნისა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
სატელეფონო საუბრისას, რომელიც 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, მაკრონმა ასევე მოითხოვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა მაკრონს მოუთხრო იმ "უამრავი სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების ძალები და ნაციონალისტები სჩადიან".
მაკრონმა პუტინს მარიუპოლის ალყის მოხსნისკენ 12 მარტსაც მოუწოდა, თუმცა როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, პუტინს აზრადაც არ გაუვლია მაკრონის და სხვა დასავლელი ლიდერების მოწოდებების გაზიარება.
მარიუპოლი ორ კვირაზე მეტია რუსეთის საოკუპაციო ძალების ბლოკადისა და მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი, იწურება სურსათისა და მედიკამენტების მარაგი.
მარიუპოლის მერის მოადგილის, სერჰი ორლოვის განცხადებით, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, მარიუპოლში 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შექმნილი ვითარების გამო გართულებულია.
ორლოვის თქმით, ქალაქის 80-90% განადგურებულია.