"ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას შორის, არამედ თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის, ამიტომ ომის და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არა საქართველოს პარლამენტის წინაშე", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ინიციატივას, საქართველოს პარლამენტს სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართოს.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი, სამწუხაროდ, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლებისთვის ოკუპანტის მხარდაჭერის დასაბრალებლად.
"ეს არის ისეთი პრეცენდენტი, რომელსაც ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავენ. ახლა არის მათი ბოლო გაბრძოლება, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის კვალდაკვალ და ამის საფუძველზე, საქართველოში რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება. მხოლოდ სიტყვით არიან პროდასავლურები და მეტით. საკუთარი ქვეყნის მტრობა და ჰიბრიდული ომის ავტორობა არავის არ შერჩება, გარანტიას ვაძლევ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სანამ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე ისაუბრებენ, ბოდიში უნდა მოიხადონ მოსახლეობის წინაშე იმის გამო, რაც საქართველოს დასაზიანებლად დღემდე აკეთეს.
"თავისი კონტაქტები იმაში გამოიყენონ, რომ იმ ხალხს სიმართლე უთხრან. მგონია, რომ იქ არ სცალიათ ახალი ამბების გასაცნობად, რა ხდება ყველა ქვეყანაში ან როგორ უჭერენ ქართველები მხარს. ეს გააგებინონ, აუხსნან, ბოდიში მოიხადონ, რაც იბოროტეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და მერე დავფიქრდებით, არათუ გადავწყვეტთ, არამედ დავფიქრდებით, რომელიმე მათ წინადადებას სერიოზულად შევხედოთ თუ არა. წინადადების შინაარსში არ შევდივარ. დარწმუნებული ვარ, რომ ლომის წილი ამაში მათ ჰქონდათ, თუ მთლიანად მათი შემოქმედება არ არის, რომ მათი გამოისობით, ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ გაიწვია ელჩი. დღეს უკრაინას საქართველოდან ელჩი ჰყავს გაწვეული და ისინი ახლა შუამდგომლობას აყენებენ ჩვენს წინაშე, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ჩაგვერთოს. ჯერ მათ უნდა იფიქრონ, როგორ გამოასწორონ მათი ნაბოროტალი საქმე და ამის შემდეგ დავფიქრდებით მათ დაყენებულ ამ და სხვა ნებისმიერ ინიციატივაზე.
ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ასეთი საკითხები გვარდება და ლაგდება, თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ამიტომ ომის და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არა საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამას, საჭიროების შემთხვევაში, დააინიცირებს ან საქართველო და მისი ხელისუფლება, ან უკრაინა და მისი ხელისუფლება და ვისაუბრებთ ამ თემაზე. ხატია დეკანოიძის დასალაგებელი და შესათანხმებელი ეს თემა არ არის. მით უმეტეს, იმ ადამიანის, რომელიც გამოდის უკრაინული ტელევიზიის ეთერში და ამბობს, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ხელისუფლება შავ ხვრელებს ეძებს, რომ პუტინს დაეხმაროს მკვლელობებში. ამ ღალატის ავტორის დასალაგებელი არ არის ორ ხელისუფლებას შორის საკითხები. მით უმეტეს, ნებისმიერი საკითხი, რასაც ისინი დააყენებენ, რაც არ უნდა კეთილშობილურ იდეად და მიზნად გვესახებოდეს, თითოეულ ჩვენგანს, უნდა გავატაროთ ეჭვის უსერიოზულეს ფილტრში, პარალელურად რას გეგმავენ, რა პროვოკაციას გეგმავენ და რისთვის ჭირდებათ ეს ერთი შეხედვით კარგი რამ, შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევებში. ამ მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ებრძვის დღეს ბოროტებას, რუსულ ოკუპაციას, ჩვენ პარალელურად უნდა ვებრძოლოთ პოლიტიკურ ყველა არენაზე და პლატფორმაზე ამას, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რისკებს - უკრაინის შემდეგ პირველი ქვეყანაა საქართველო ამ მოცემულობაში და ამ ქვეყნის ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ასევე უნდა დააზღვიონ ამ რისკებთან ერთად შიდა რისკები, რომელიც მოდის ომისა და ღალატის პარტიისგან. შესაბამისად, ეს ხალხი არ გამოსწორდება. ჩვენ და საქართველოს მოქალაქეებს გვმართებს უდიდესი სიფრთხილე ყველა საკითხთან მიმართებაში, გამბედაობა, მათ შორის, ყველა საკითხის გადაწყვეტის დროს, ეროვნული ინტერესების გატარება და მოქმედება ეროვნული და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ გზას არცერთ შემთხვევაში არ გადავუხვევთ, რაც არ უნდა თქვან, რაც არ უნდა ეგონოთ, რომ პიარში ოდნავ მომგებიანი სიტუაცია აქვთ, რაც არ უნდა პოპულისტურად რაღაცეები მოიმოქმედონ, ჩვენ, პირველ რიგში და ერთ-ერთი პირველი რგოლი, არის შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ხელმძღვანელობით, ჩვენ ამ რისკების დაზღვევაში, ამ გადაწყვეტილებებში ვართ ერთიანები როგორც საქართველოს მთავრობა, როგორც შს სამინისტრო და სხვა უწყებები, ასევე საქართველოს პარლამენტი და ყველა ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც ობიექტურად ფიქრობს თავის სამშობლოზე და უყვარს ეს ქვეყანა. ბოროტება ამ სიყვარულს საკუთარი სამშობლოს მიმართ, ვერ დაამარცხებს, იმიტომ, რომ ვართ მართლები ამ საქმეში, რასაც ვაკეთებთ. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.