პარტია "ლელო - საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიონ. ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს, ჩვენი პარტია - "ლელო საქართველოსთვის" და ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის წევრები, გამოვდივართ ინიციატივით, მივიღოთ გადაწყვეტილება და მოვიწვიოთ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი, ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით, ისევე როგორც მიმართა არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად თუ სად დგას დღეს საქართველო", - თქვა სამადაშვილმა.