შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში პუტინის დანაშაულებრივი ქმედებების აღსაწერად ფრაზა "ომის დამნაშავე" გამოიყენა. აქამდე ადმინისტრაცია თავს არიდებდა ამ ფრაზის გამოყენებას, მათ შორის დასმული კითხვის საპასუხოდაც.
ოთხშაბათს თეთრ სახლში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა თქვა: "ვფიქრობ, ის ომის დამნაშავეა".
ბაიდენის ამ მოკლე განცხადების შემდეგ, ჟურნალისტებმა დამატებითი განმარტების მიზნით თეთრი სახლის პრესმდივან ჯენ ფსაკის მიმართეს.
ჯენ ფსაკის თქმით, ბაიდენის სიტყვები "გულიდან ამოდიოდა" და ეყრდნობოდა იმას, რაც "ვნახეთ ტელევიზიით, ბარბაროსული ქმედებები, რომელსაც სასტიკი დიქტატორი უცხო ქვეყანაში შეჭრის გზით ახორციელებს".
თუმცა, ფსაკიმ დასძინა, რომ "სამართლებრივი პროცესი" ომის დანაშაულის ბრალდებების გამოსაძიებლად მიმდინარეობს სახელმწიფო დეპარტამენტში".