გამოცემა Bellingcat-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი "ნავალნი Live"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთს ჩაეშალა უკრაინის ოკუპაციის გეგმა. ახლა კრემლში პანიკაა, რადგან გეგმა "ბ" არ არსებობს. ელიტა ღიად ამბობს, რომ რუსეთს გიჟური კურსი აქვს და ომი უნდა დაასრულოს, სპეცსამსახურებში კი რეპრესიებია დაწყებული.
გროზევი აღნიშნავს, რომ ომთან დაკავშირებული მისი წინა პროგნოზები გამართლდა. რუსეთს ჩაეშალა გეგმა "ა", რომელიც ითვალისწინებდა საომარი მოქმედებების დასრულებას 10 დღეში, ახალი გეგმა კი არ აქვს. ამას მოწმობს ჯარის მეორე ეშელონის არარსებობა, რომელიც შეავსებდა დანაკარგს და ომის გაგრძელებას იმავე ტემპებით შეძლებდა, ასევე რუსეთს პრობლემა აქვს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი სამხედროების საკვებით, წყლითა და საწვავით მომარაგების მხრივ.
რუს სამხედროებს უკან დახევა სურთ, მაგრამ მათ ერთი მხრივ ხელს უშლიან კადიროვის რაზმები, რომლებსაც ნაბრძანები აქვთ დეზერტირებისთვის სროლა და მეორე მხრივ უკრაინული ძალები, რომლებიც მზად არინ ზურგში შეტევისთვის.
"სწრაფი გამოსავალი არ არსებობს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ რა ხდება კრემლის ელიტის შიგნით, სპეცსამსხურებში, რომლებიც მიხვდნენ, რომ გეგმა "ა" ჩაიშალა. არის მოლოდინის რეჟიმი. ყოველდღიური ცვლილებები, რომლებიც მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი სტრატეგია არ არსებობს", - ამბობს ჟურნალისტი.
კრემლის წყარომ გროზევს დაუდასტურა, რომ დაპატიმრებულია გენერალი სერგეი ბესედინი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საგარეო დაზვერვაზე. რეპრესიები დაწყებულია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში.
გროზევის პროგნოზით, პუტინს აქვს ორი ვარიანტი: შეხვდეს ზელენსკის და მოელაპარაკოს გაცილებით მეტ კომრპომისულ პირობებზე, ვიდრე თავიდან ჰქონდა გამოცხადებული ან დაარტყას მოსახლეობას არაკონვენციური იარაღით, რათა აიძულოს კიევი წავიდეს კომპრომისზე და თავის ქვეყანას [პუტინმა რუსეთს] აჩვენოს რეზულტატი [ომის[.
გროზევი პირველი ვარიანტისკენ იხრება და ერდოღანისგან და ზელენკისგან წამოსულ გზავნილებს იშველიებს.
"ერდოღანისგან და ზელენსკიგან წამოსული ბოლო გზავნილები მაინიშნებს იმაზე , რომ პუტინი, სავარაუდოდ კარგად ხედავს, რომ სიტუაცია ჩიხშია", - ამბობს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ თუ კრემლში მართლაც ასეთი ვითარებაა, პუტინის ინტერესშია ომის სწრაფად დასრულება.