„უკრაინის პრეზიდენტი ახლა სამყაროში, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მთავარსარდალია. პრეზიდენტი ზელენსკი ჩემნაირი ადამიანების, თქვენნაირი ადამიანების მთავარსარდალიც არის. მე დარწმუნებული ვარ ამ დარბაზში, როგორც ხელისუფლების ისე, ოპოზიციის მხრიდან, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გულშემატკივრობენ უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის, ადამიანს, რომელიც ახლა როგორც გმირი ისე ებრძვის ბოროტებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარემ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო, მინიმუმ 200 წელია რუსეთს თავგანწირვით ებრძვის და ამ 200 წლის განმავლობაში არ ყოფილა 20 წელიც კი, როდესაც რუსეთს ძალიან მტკივნეულად არ დაეშავებინოს.
„ჩვენ ბევრჯერ ავჯანყებულვართ, ბევრჯერ დავმარცხებულვართ, ორჯერ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ რუსეთისგან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ქვეყანა ჩვენთვის ძალიან ცნობილია. მე მესმის ომის დროს შეიძლება ყველა გაღიზიანდეს, რომელიმე დეპუტატის ან პრემიერ მიერ მინისტრის და სხვადასხვა თანამდებობის პირების განცხადებებით, მაგრამ მინდა ვთხოვო პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ჩვენ, ქართველ ხალხს, არაფერი დაგვიშავებია ისეთი, რომ უკრაინისთვის, საქართველოსთვის მთელი სამყაროსთვის ამ მძიმე დროს, ელჩის გაწვევა იყოს ერთადერთი გამოსავალი. მე მინდა, რომ მიუხედავად გაბრაზებისა, მიუხედავად ემოციისა, მიუხედავად ბევრი არასწორი განცხადებისა, მიუხედავად ჩვენი ჩხუბისა, მაშინ როდესაც ამის დრო არ არის, ვთხოვო უკრაინის ხელისუფლებას, რომ ნუ ჩააგდებენ საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში, ახლა, როდესაც ძალიან გჭირდება უკრაინელი ხალხის დახმარება და თანადგომა ისევე, როგორც პირიქით. ამ დარბაზში, ჩვენ ყველანი შევთანხმდით იმაზე, რომ უკრაინას ვგულშემატკივრობთ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სრულიად სამართლიანად, ეშინია რუსეთის აგრესიის. მაგრამ ჩვენ ვიმსახურებთ მხარდაჭერას თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხისგან, თავისუფლებისთვის მებრძოლი პრეზიდენტისგან. შეიძლება არ ვიმსახურებთ დღევანდელი აწმყოს გამო, შეიძლება უკეთესად უნდა მოვქცეულიყავით წინა დღეების განმავლობაში, მაგრამ ვიმსახურებთ ჩვენი წარსულის გამო, ვიმსახურებთ ჩვენი წინაპრების გამო და ვიმსახურებთ იმ სისხლის გამო, რომელიც არანაკლებ დაგვიღვრია რუსეთთან ბრძოლაში ვიდრე რომელიმე ქვეყანას“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.