"კოლეგებო ყველას სიმხნევეს გისურვებთ, რადგან ყველას ჩვენ ერთად ქალბატონმა სალომემ ცოტა ხნის მჭლე სამიანი დაგვიწერა. მაგრამ მოდი გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით და გამოსავალიც გვაჩვენა და თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მე მგონი, შევძლებთ შევასრულოთ ჩვენი როლი და დანიშნულება ამ მძიმე ვითარებაში", - განაცხადა "ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას.
უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის დღევანდელი მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადეკვატური და სახელმწიფოს მეთაურისებრი.
"არ მგონია, ჩვენ გვჭირდებოდა ვინმეს მიერ შეხსენება, რომ ასეთ ვითარებაში, საგანგებო ვითარებაში, ოკუპაციის, ომის საფრთხის პირობებში მართებს ერთიანობა და არა ის, რაც ჩვენ დაგვემართა ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც. ეს დიდი პრობლემის ნაწილია. საქმე იმაში არ არის, რომ მარჯვნივ კარგი ხალხია და მარცხნივ ცუდი, ან პირიქით, საქმე იმაშია, რომ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას არასახელმწიფოებრივ სივრცეში.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავამკვიდრეთ ის, რისი მეთაურიც გვესტუმრა დღეს პარლამენტში, ანუ სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ინსტიტუტებით, რომელშიც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ მისი პრეზიდენტი უცხოეთში მიემგზავრებოდეს და არათუ ნებართვას არ აძლევდეს ვინმე, არამედ პრეზიდენტი და პრემიერი რამდენიმე საათს არ მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ საერთო საქმე გააძლიერონ. დაუშვებელია, რომ პარასკევს ვერ მოვახერხეთ შეკრება იმის სათქმელად, რაც შემდეგ სამშაბათს გაკეთდა ცალმხრივად ამავე დარბაზში. ამასობაში გაგვექცა ხელიდან სადავეები და უკრაინის, ომის და უსაფრთხოების თემაც ჩადგა ჩვეულებრივ რიგში შიდაპოლიტიკური დაპირისპირების, იწილობიწილოში და ამით ვაზიანებთ საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს. სახელმწიფო ვერ დავამკვიდრეთ და ეს მხოლოდ ბოლო ათ წელიწადში არ მომხდარა, არც იმის წინა ცხრა წელიწადში, არც იმის წინა რვა წელიწადში. ეს უნდა გავიაზროთ ყველამ, რომ სისტემაა შესაცვლელი და სისტემური ცვლილებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივ მოვლენად იქნება, რომ პრემიერს არ ეცლება პარლამენტში მოსასვლელად. ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ უმრავლესობა ჩაკეტავს შემოსასვლელ დარბაზს, ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ ოპოზიცია მუხლჩაუხრელად მუშაობის ნაცვლად, მთელი წელი ხან არშემოსვლის, ხან შემოსვლის და ხან არგასვლის გამართლებაში იქნება და ვერ შედგება ინსტიტუციურად პარლამენტი. ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ მრავალპარტიულობის დამკვიდრების ნაცვლად, ჩვენთან იმართება მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპარტიულობის ხელში ჩასაგდებად, ერთპარტიული ძალაუფლების მოსაპოვებლად და შემდეგ მისი ხელიდან აღარ გასაშვებად. სისტემაა შესაცვლელი და ქალბატონი პრეზიდენტის მოხსენებაში, მე ამ დამატებას შევიტანდი, რომ სისტემურ ცვლილებას სჭირდება სისტემური მიდგომა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.