ჩვენი გზა ხომ ერთია: პრინციპული, თუმცა გონივრული, არც კონფრონტაციისკენ პროვოცირება, არც წინსწრებით დათმობის და ზედმეტი სიფრთხილის ბუნდოვანი პოლიტიკა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
მისი თქმით, თუ ეს ხაზი გახდება გამაერთიანებელი, ადვილი იქნება ამ ჭრილში განვიხილოთ ყველა სენსიტიური საკითხი, სანქციები თუ სხვა.
"ერთი მხრივ, აუცილებელია სიფრთხილე, გამომდინარე ოკუპაციიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან. მეორე მხრივ კი, მოითხოვს მოვიქცეთ, უკრაინის მეგობრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის შესაფერისად. სენსიტიური საკითხია ქვეყანაში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც არ უნდა გახდეს არც ჩვენი დაყოფის, არც ქვეყნის რეპუტაციის შელახვის და არც პანიკის მიზეზი. აქაც უნდა შევინარჩუნოთ დაბალანსებული პოზიცია. ამ მხრივ, დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებენ ნაცვლად ამისა, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ სამოქალაქო წესრიგი სათანადოდაა უზრუნველყოფილი, როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყანაში“, - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ კითხვები, რომელიც ისმის „რა გავაკეთოთ? როგორ გავზარდოთ ჩვენი შანსები? როდის და როგორ? გიპასუხებთ : ერთიანობა! ერთიანობა და ერთიანობა!“
„არანაირი დაყოფა და ცალ-ცალკე სირბილი ჩვენს პარტნიორებთან! საჭიროა ერთიანი შეთანხმებული გეგმის მომზადება და წარდგენა, რომელიც შემდეგ არ დაექვემდებარება ანულირებას! პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და პარლამენტი, ყველა პოლიტიკური ძალა, მედია, არასამთავრობოები, რიგითი მოქალაქეები, ყველა ერთი გეგმის ირგვლივ და ერთი მიზნით უნდა გავერთიანდეთ და ვმოქმედებდეთ. ვმუშაობდეთ იმ რეფორმების პაკეტზე, რომლის შესრულება აუცილებელი იქნება თუ სერიოზულად ვხედავთ ჩვენ მომავალს ევროპაში. ეს იქნება ეროვნული თანხმობის ნამდვილი გამოხატულება, რომლის გარეშეც, აქამდე ევროკავშირში არცერთი ქვეყანა გაწევრიანებულა“, - თქვა პრეზიდენტმა.