ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
მისი თქმით, ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!
„თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ - და მაშასადამე ქვეყანამ - შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!
ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“!“, - თქვა პრეზიდენტმა.