საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით!, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობას გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოში მყოფ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, ანდრიი კასიანოვს და ყველას, ვინც დღეს კიევში, ოდესაში, თუ მარიუპოლში ევროპულ მომავალს იცავს.
"დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები. მოხუცების და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების, თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს.
საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით!
მინდა გთხოვოთ ფეხზე ადგომით დავუდასტუროთ ჩვენი სოლიდარობა! გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ თავდადებულ გმირებს!
მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენთან მოსულ უკრაინის წარმომადგენელს, ბატონ ანდრიი კასიანოვს და მასთან ერთად ყველას, ვინც დღეს კიევში, ოდესაში თუ მარიუპოლში ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს იცავს.
მინდა იცოდეთ თქვენ, (მივმართავ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს), რომ აქ გამოვხატავთ სრულიად საქართველოს ერთიან სულისკვეთებას. აქ გამოვხატავთ, ყველა აქ შეკრებილნი, სახელმწიფოს და მისი ყველა ინსტიტუტის, ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს აქ, ჩვენთან ერთად, ეკლესიაა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელებს!
დღეს ამ ტრაგედიის შემყურეთაგან, ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, ჩვენ, ქართველები ვართ! ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ, იმას თუ რას განიცდის უკრაინელი ერი!
უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ: რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობა - თავისი აჯანყებებით, რეპრესიებითა და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული ევროპული გზისათვის.
საქართველოს ისტორია, ისევე როგორც უკრაინის, სიამაყისა და თავდადების ისტორიაა. ისტორიაა განსაცდელისა და ტრაგედიების, დამპყრობლებთან შეუპოვარი, გმირული, თავგანწირული ბრძოლის მაგალითების. ასე იქმნება ერი! ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სასწაული მის გამძლეობაში, ქედმოუხრელობაში, გაუტეხელობაში, სიამაყეში იყო და არის! დღეს, ჩვენ უკრაინაში სწორედ ასეთ სასწაულ შემართებას ვხედავთ, რაც მჯერა, რომ მხოლოდ გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს", - თქვა ზურაბიშვილმა